თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის „ნაციონალური მოძრაობა-თბილისი“ თავმჯდომარემ ირაკლი ნადირაძემ და ამავე ფრაქციის წევრმა თამაზ შოშიაშვილმა ერთობლივი ბრიფინგი გამართეს.
წარმომადგენლობითი ორგანოს წევრების განცხადებით, დედაქალაქის მერიამ თბილისელების ინტერესების დაცვა და ცენტრალური ბიუჯეტიდან შესაბამისი ტრანსფერის გამოთხოვა ვერ შეძლო, რამაც თბილისის ბიუჯეტის 46 624 000 ლარით შემცირება განაპირობა.
დეპუტატების განცხადებით, არაფერი იცვლება საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობის აღდგენისა და მოვლა-შეკეთების მიმართულებით. აღნიშნული მუხლი 35 400 000 ლარითაა განსაზღვრული.
მათივე თქმით, ტრანსპორტის განვითარების მუხლი 31 466 00 ლარითაა გაზრდილი, რომელიც თბილისის მერიამ სესხის სახით “ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკიდან” აიღო.
დეპუტატებმა თბილისში მუნიციპალური ტრანსპორტის თაობაზეც ისაუბრეს და განაცხადეს, რომ ავტობუსების ჩანაცვლება მხოლოდ 20%-ით განხორციელდება, რაც აღნიშნული მიმართულებით მდგომარეობას ვერ შეცვლის და შესაბამისად, ვერც სატრანსპორტო სისტემა მოწესრიგდება.
დღესვე ბრიფინგზე, საკრებულოს წევრებმა ჯანმრთელობის დაცვსა და სოციალური უზრუნველყოფის საკითხებიც განიხილეს და განაცხადეს, რომ აღნიშნული მიმართულებით შემცირება ჯამში 30 462 000 ლარს წარმოადგენს.